ბახტრიონის გმირები

    

ბიძინა ჩოლოყაშვილი — კახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე — ახალი სტილით 1 ოქტომბერი (18 სექტემბერი).

 XVII საუკუნის 30-იან წლებში კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი, შემდეგ სუფრაჯი. ქართლის მეფე როსტომსა და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს შორის გამართულ ბრძოლაში ამ უკანასკნელის მხარეზე იყო. 1648 წელს თეიმურაზის დავალებით მან ერწო დალაშქრა, რათა თიანეთი მეფისათვის დაემორჩილებინა. კახეთის აჯანყების (1659) შემდეგ შაჰმა შალვა და ელიზბარ ერისთავებთან ერთად ჩოლოყაშვილი ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ, მტკიცე უარი მიიღო. მაშინ შაჰმა ის გადასცა იმ თურქმანებს, რომელთა მეტომეებიც კახეთის აჯანყების დროს გაწყვიტეს. ჩოლოყაშვილი წამებით მოკლეს.

შალვა ქსნის ერისთავი (გ. 18 სექტემბერი, 1662) — ქსნის საერისთავოს ერისთავი, კახეთის

აჯანყების (1659) ერთ-ერთი მეთაური. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, ქვეყნისთვის მტრის ახალი შემოსევა რომ აეცილებინა, შალვა ქსნის ერისთავი ბიძინა ჩოლოყაშვილთან და ელიზბარ ერისთვისშვილთან ერთად სპარსეთის შაჰს ეახლა. შაჰმა ისინი განჯის ხანს გადასცა, ხოლო განჯის ხანმა კი იმ თურქმენულ ტომებს, რომლებიც კახეთის აჯანყების დროს ამოწყვიტეს. ქართველი გმირები წამებით დახოცეს. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. შალვა ქსნის ერისთავი დაკრძალულია ქსნის ერისთავთა საგვარეულო სამარხში - იკორთის მონასტერში.

 

ელიზბარ ქსნის ერისთავი  კახეთის აჯანყების(1660) ერთ-ერთი მეთაური; აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ელიზბარი ბ. ჩოლოყაშვილი და შალვა ქსნის-ერისთავი შაჰს ეახლნენ, ქვეყნისათვის მტრის ახალი შემოსევის თავიდან ასაცილებლად; შაჰმა ისინი განჯის ხანს გადასცა; განჯის ხანმა კი იმ თურქმანულ ტომებს, რომლებიც აჯანყების დროს ამოწყვიტეს; თურქმანებმა ქართველი გმირები წამებით მოკლეს; რამდენიმე ხნის შემდეგ ელიზბარ ქსნის-ერისთავი საქართველოში ჩამოასვენეს; ქართულმა ეკლესიამ იგი, ისევე როგორც აჯანყების სხვა წამებული გმირები, წმინდანად შერაცხა; წმინდა მოწამეთა ბიძინა ჩოლოყაშვილის, ელიზბარ და შალვა ქსნის-ერისთავების ხსენების დღეა 18 სექტემბერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.646

ზაალ არაგვის ერისთავი - ქართლის დიდი თავადი, ანტიირანული ბრძოლის ერთ-ერთი გამოჩენილი მეთაური. მისი ძმის დათუნას სიკვდილის შემდეგ – არაგვის ერისთავი (1633–1660). როდესაც ქართლის მეფეები როსტომი და თეიმურაზ I სამეფო ტახტისათვის ებრძოდნენ ერთმანეთს, ზაალი თავდაპირველად თეიმურაზის მხარეზე იყო, დაუკავშირდა იესე ქსნის ერისთავს, ქართლის სხვა თავადებს და მათ იმერეთში გახიზნული თეიმურაზი მეფედ მოიწვიეს. როსტომმა მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ზაალი აქტიურად ჩაება ახალ შეთქმულებაში როსტომის წინააღმდეგ. როსტომმა შეთქმულები ამჯერადაც დაამარცხა და სასტიკად დასაჯა. 1648 წელს თეიმურაზის კახეთიდან განდევნის შემდეგ, ზაალმა და სხვა დიდებულებმა როსტომს შერიგება სთხოვეს. მეფე დათანხმდა იმ პირობით, თუ ზაალი ირანის შაჰს ეახლებოდა; შაჰმა ზაალი დიდი პატივით მიიღო: 500 თუმანი, ხალათი, ოქროთი შეკაზმული ცხენი, 15 სოფელი (ყაზვინთან ახლოს) უბოძა და სამშობლოში დააბრუნა. ზაალმა ერწო-თიანეთიც დაისაკუთრა. როსტომის გარდაცვალების (1658) შემდეგ ქართლის ტახტზე ავიდა ვახტანგ V. ზაალმა იგი მეფედ არ ცნო და შესაფერის დროს უცდიდა მის წინააღმდეგ საბრძოლველად. შაჰისთვის მეფისა და ზაალის გამწვავებული ურთიერთობა ხელსაყრელი არ იყო, რის გამოც ზაალი თავისთან დაიბარა. მან, თავის ამალასთან ერთად, მაჰმადიანობა მიიღო და დიდი პატივითა და საჩუქრებით სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მშვიდობა მალე დაირღვა, რადგან ყიზილბაშებმა კვლავ დღის წესრიგში დააყენეს შაჰ-აბას I-ის ძველი გეგმა – კახელების ამოწყვეტა და იქ თურქმანული ტომების ჩასახლება. ზაალმა აჯანყებულთა საერთო ხელმძღვანელობა ითავა. ზაალი ვახტანგ V-ის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა. ვახტანგმა მოახერხა ზაალის ძმისწულებისა და დისწულების გადაბირება, რომლებმაც საკუთარი ბიძა სიცოცხლეს გამოასალმეს. მისი სიკვდილი დიდი დანაკლისი იყო სპარსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ძალებისათვის.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.294

ზეზვა გაფრინდაული  - ქართველი სახალო გმირი, 1659 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იგი მეთაურობდა თუშებს. მისი ხელმძღვანელობით ქართველ მთიელთა რაზმები თავს ესხმოდნენ კახეთის ციხეებში სეფიანთა მიერ ჩაყენებულ გარნიზონეს და მომთაბარე ელებს (მეჯოგე-მომთაბარე მოსახლეობა კახეთსა და ქვემო ქართლში XVI-XIX საუკუნეებში). ბახტრიონის ბრძოლის დროს გაფრინდაული ხელმძღვანელობდა იმ რაზმს, რომელიც პირველი გადავიდა ციხის გალავანზე, დახოცა კარიბჭის მცველები და ქართველები ციხეში შეუშვა. ციხის აღების შემდეგ ზეზვა გაფრინდაულის რაზმმა სდია მტერს და ჩაება ალვანის ველზე გამართულ ბრძოლაში, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. შემდეგ იგი თორღვას ციხეში იყო გამაგრებული და იქედან აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს. სპარსელებმა ზეზვა გაფრინდაული შეიპყრეს ღალატით, ჯერ თბილისში ჰყავდათ დაპატიმრებული, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.630


Comments

Popular Posts