ბახტრიონი ხალხურ პოეზიაში

ზეზვა გაფრინდაული და მისი თანამებრძოლები ერთხანს კიდევ განაგრძობდნენ პარტიზანულ ომს დარჩენილი ყიზილბაშების წინააღმდეგ, მაგრამ მათაც ის ბედი უნდა სწვეოდათ , როგორც მათ თანამემამულეებს.  ქართულმა ფეოდალურმა ისტორიოგრაფიამ სახალხო  გმირი თავის ისტორიაში არ შეიყვანა, სამაგიეროდ ზეზვას მრავალი ლექსი და სიმღერა  უძღვნა ხალხმა და სამუდამოდ უკვდავყო მისი სახელი.


× × ×

თორღვასა გაფრინდაული

ამაგრებს ქვითკირსავითა,

კახზე მოსულსა მოძალეს

აბრუნებს ნახირსავითა.“

× × ×

თოფ დაჰკრეს გაფრინდაულსა,

თორღვ დარჩა ოხერივითა,

თორღვას წევს გაფრინდაული

გამაგრდა ქვითკირსავითა.“

× × ×

მოდიან თათრის ქალები: “ზეზვა გვაჩვენეთ თვალითა”.

ზეზვასა ნახვა რად უნდა? მოკლული თქვენის ხელითა.

რატო არ ღნახეთ მაშინა, ბახტრიონს რომ ბრუნავდა ლურჯა ცხენითა,

გალავანს გურგლივ ურბენდა გამაღლებული შუბითა?

ალვანის მინდორ აავსო ღოჯაი თათრის ძვალითა?

მოგდევდათ, მოგაწუხებდათ, მოგჩხვლეტდათ შუბის წვერითა,

მელას დაცვითა კბილები, ტურას ლოყნ ხორცის ჭამითა.”

× × ×

მოვიდოდ თუში ზეზვაი,

ჯოგი მოჰყვება მგლისაო,

ან თქვენ გადადით გალავანს,

ან გადამიშვით მიაო,

თუ შვიდ ვერ მოვკლა ხმალდახმალ,

გამცვალეთ თათრის ქალზედა’,

გადავა, გადაფრინდება,

ბახტრიონს გალავანზედა”.

× × ×

ცხენს გაბანს გაფრინდაული

გაზრდილსა თივაქერზედა,

ძუაფაფარსა დავარცხნის,

ნალებს დააკრავს ფეხზედა.

საღარს შეკაზმავს ზეზვაი,

აბჯარს აისხამს ტანზედა.

საით მიდიხარ, ზეზვაო,

ცხენი დაგიბამს კარზედა?–

ფშავხევსურეთში საქმე მაქვს,

ჯავრი ვყაროთ მტერზედა.

უნდა შევყაროთ ჯარები

თათრების მუქარაზედა.

აბა, ვიაროთ, საღარო.

ფშავხევსურეთის გზაზედა. –

ცხენზედ შეჯდება ზეზვაი,

ჩაჩქანი ხურავს თავზედა.

გულუხისძენიც გამოყვნენ,

ნანატრნი ფშავის თემზედა.

გადაივლიან ვაჟკაცნი

ბორბალოს მაღალ მთაზედა.

ლაშარს მივიდნენ თუშები,

ხალხი დგას ხატის კარზედა.

შემოეხვივნენ ფშავლები

თუშებს, დაკოცნეს პირზედა.

სუფრაზედ მიიპატიჟეს

შავი ლუდების სმაზედა.

გურგენა ჭინჭარაულმა

ზეზვას ხელ დაკრა მხარზედა:

დაბერებულხარ თან თეთრი

გამოგრევია თმაზედა. –

დასხდნენ და პური შეჭამეს

ლაშარ გიორგის კარზედა.

გურგენი ჭინჭარაული

ზეზვამ გაიხმო განზედა.

ძმანი ხართ, უნდა მოგვემხროთ

ჯავრის საყრელად მტერზედა,

თათრის ჯარი დგას კახეთში,

ხალხი ვერ გადის ველზედა,

აქლემის ქარავნები სძოვს,

ჩვენი ცხვრის საძოვრებზედა.

მლოცავსაც გააგებინეს,

მდგომსა დარბაზის კარზედა.

ფიცი დაუდეს ფშავლებმა,

ხელი დაიკრეს ხმალზედა.

ჩვენაც კაცნი ვართ, ზეზვაო,

ქუდები გვხურავს თავზედა.

ჩვენც სისხლი გვმართებს, დაძმების,

ხმალნი ვალეწეთ თავზედა.

თათრებს კაეთში რა უნდათ,

ქართველთა მიწაწყალზედა.

ხევსურნიც შეიყრებიან

არდოტის ზევით მთაზედა,

ჩვენ მაცნე გამოგვიგზავნე,

თქვენ რომ დადგებით გზაზედა.

საით მოვიდეთ, ზეზვაო,

რას იტყვი, რომელ გზაზედა.

ფშავხევსურნ ერთად წამოდით,

პანკისის ხეობაზედა.

თუშნი ნაქერალს გადმოვალთ,

თქვენ გამოგყვებით კვალზედა.

ჩვენ შევიყრებით ნაქერალს,

დარაჯი გვედგეს განზედა.

იქ ლაპარაკი გვექნება

თათრებთ ომობაზედა. –

გამოესალმნენ ერთურთსა,

ზეზვაი შეჯდა ცხენზედა.

ლუხუმმა დროშას შემოჰკრა,

მდგომმა დარბაზის კარზედა.

გწყალობდეთ ლაშარის ჯვარი,

ხელ მოგიმართოსთ მტერზედა“.


დაგლოცავ გაფრიდაულო, ლექსის ღვინიან ყანწითა

სულით და გულით ჯილაგო ჭანგებუცვეთელ არწივთა.

გულში ფოლადი ჩაგისხა მშობელი დედის მანდილმა

და ელვის ფრთები შეიბი ქარიშხლის ფრთებზე გაზრდილმა.

ბრძოლის ქალღმერთმა დალოცა ვაკისძირს შენი აკვანი

დედა გმირის სულს გიდგამდა პატარას ხელში აყვანილს.

მტერთან ბრძოლაში ბარის ხალხს მთის ფიცით დაემწყემსურე

ძმობის დროშის ქვეშ ეძახდი ფშავლებს და მამაც ხევსურებს.

ცხენის ტახტაზე გეძინა, ცხენის ტახტაზე ათევდი

ზეზვას ფრანგულის ელვის ქვეშ კანკალს იწყებდნენ თათრები,

თათრის სისხლით პირს იბანდა შენი ფრანგული მართალი

მხარიღლივ სხეპდი ურჯულოს, უტეხ მთიელთა სარდალი.

აი, ის მხარე შენ ცხენმა ნალით რომ დაჰკრა ბეჭედი

ირხევა ორი ალვანი, როგორაც შენი ბეჭები.

შენზე სიმღერით მიარღვევს დღეს თუში მწყემსი მწვერვალებს

და ობელისკი ბახტრიონს შენი ხმალივით ელვარებს.

შენი ჯილაგის მართვები დღეს უსისხლო გზით მიდიან

მშვიდობის მთვარე ლურჯ ცაზე შენი ფარივით ჰკიდია.

თუშურ გარმონზე დავმღერით დღეს შენთვის დაწნულ სიმღერას

დღეს თუშთა მშვიდი ცხოვრება შენს საღარივით მიღელავს,

დღეს შენს სიცოცხლეს აპურებს შენი ამაგი პიტალო,

ამაყი მთების ლეგენდავ, ქართული ბრძოლის ტიტანო.

დაგლოცავ გაფრინდაულო ლექსის ღვინიან ყანწითა

შავი კლდის ორბის თვალებავ, ჯილაგო მამაც არწივთა.

ყვავის ის მხარეშენ ცხენმა ნალით რომ დაჰკრა ბეჭედი,

ირხევა ორი ალვანი, როგორაც შენი ბეჭები.

იოსებ ლონგიშვილი

Comments

Popular Posts