ისტორიული წყაროები
ბახტრიონის ციხის აღება
ხოლო კახეთის შემდგომად სიბერისათვის როსტომისა დასუეს სალიმხან ე-სა ჩ-ქნზ, ქარ.ტ-მე.არამედ ზაალსვე ეპყრნა ზემოთქმულნი ქუეყანანი და კითხვითა მისითა მართვიდა სალიმხან კახეთსა. ამან სალიმხან მოიყვანნა ელნი და დასხნა შიგნით - და გარეთ-კახეთს და დაიპყრნეს ამათ ბახტრიანი, ალავერდი და განრყუნეს წმიდანი ეკლესიანი, რამეთუ იყვნენ არვე-მროწლეთა მათთა სადგურად და იყო ჭირიცა დიდი მათგან კახეთსა შინა და ქურდთა ლეკთაგან. არამედ სალიმხან ჯდა ყარაღაჯს უზრუნველი კახთათვის და განისუენებდა უზრუნველი მტრის ვნებისაგან, ხოლო დღესა ერთსა მღუდელი ვინმე მოვიდოდა შიგნით კახეთს, შეიპყრეს იგი თათართა და განხრწნეს სოდომურითა და განუტევეს. შეიწრებული მღუდელი იგი მოვიდა წინაშე ზაალისა მეტყუელი ესრეთ: „ შენდა რწმუნებულ არს კახეთი კნინრა პყრობად, აწ შემამთხვიეს თათართა უჯერო, ამისთვის შენვე პასუხ-უგე ქრისტესა დღესა მას დიდსა განსჯისასა“. ამისმან მსმენელმან ზაალ ერისთავმან შემოიფიცა საყმონი თვისნი და ფშავ-ხევსურ- თუშნი, და ბიძინა სუფრაჯი და ერისთავნი ქსნისა შალვა ძმით ელიზბარ ( რამეთუ სიძე იყო შალვა ზაალისა ), შეკრიბნა ესე ყოველნი, წარუძღუანა ძე თვისი და მიუხდნენ პირველად ბახტრიონს, მოსრნეს და მოსწყვიდნეს თათარნი, რამეთუ არცაღათუ დაუტევეს აკუანთა შინა მწოვარნი და განათავისუფლეს კახეთი. არამედ ყარაღაჯს არღარა მივიდნენ, რამეთუ წარსრულ იყო სალიმხან და იჯდა მუნ მურთუზალიხან და მოიქცნენ გამარჯუებულნი ქ-სა ჩ-ქნთ, ქარ.ტ -მზ.
ქართლის ცხოვრება. ტ.მე-4 თბ. 1973. გვ.-599-600.
სახალხო აჯანყება კახეთში 1660 წელს
1656 წელს როსტომს კახეთი ჩამოართვეს და კვლავ განჯის
ხანს , სელიმს დაუქვემდებარეს.
გადაწყვეტილი იყო კახეთში ჩაესახლებინათ თურქმანთა
15000 ოჯახი. შიდა და გარე კახეთის საუკეთესო მიწები მათთვის უნდა გაენაწილებინათ და
ეს მომთაბარე- მეჯოგე მოსახლეობა მიწაზე დაემაგრებინათ, რომ „ხვნა-თესვას, შენებას
და დასახლებას შესდგომოდნენ“.
შაჰ-აბას მე-2-ს
(1642-1666) სახსრები არ დაუზოგავს თურქმანთა გადასახლებისა და მათი დაცვის ორგანიზებისათვის.
ირანელებმა ალავერდის მონასტრის გალავანი ციხესიმაგრედ
გადააკეთეს და შიგ ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენეს.
ბახტრიონის ციხე, როგორც ჩანს, პირველად ალავერდი ხანის
ხელმძღვანელობით აშენდა ალაზნის მარცხენა ნაპირზე
მდებარე პატარა სოფელ ბახტრიონში. ციხე, რომლის
სიგრძე ას მეტრს აღემატებოდა, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო.
მესამე ციხე
უნდა იყოს ყარაღაჯი,რომელიც მე-17 საუკუნის კახეთის ყიზილბაში ხანების რეზიდენციას
წარმოადგენდა.
კახეთის ბარის ადგილებში დაახლოებით 80 ათასამდე თურქმანი
ჩაასახლეს.
მომთაბარე ელები ძირითადად მესაქონლეობას მისდევდნენ
და ვრცელი საძოვარი ველები ესაჭიროებოდათ. კახეთის კულტურულ მეურნეობას ,ძირითადად
მევენახეობას, გადაშენების საფრთხე დაემუქრა...
...კახეთში საყოველთაო უკმაყოფილება ჩამოვარდა. უკმაყოფილო
იყო არა მარტო მოსახლეობა, არამედ თავად ფეოდალებიც.
სახალხო მოძრაობა
ელების წინაღმდეგ მათი ჩამოსახლებისთანავე დაიწყო. თუშების პარტიზანული გუნდები თავს
ესხმოდნენ როგორც ელებს, ისე ყიზილბაშ მეციხოვნეებს. ქართულ ხალხურ საისტორიო პოეზიაში
დაცული ცნობების მიხედვით ამ მოძრაობის ბელადი ყოფილა სახალხო გმირი ზეზვა გაფრინდაული.
შეთქმულებისა და აჯანყების იდეაც, რომელსაც მხარი ფეოდალებმაც დაუჭირეს ხალხის დაბალ
წრეებში დაბადებულა.
ხალხის წარმომადგენელი იყო თურქმანებისაგან შეურაცხყოფილი
ის ხუცესი, რომელიც დუშეთში ეახლა ზაალ ერისთავს, დაუჩოქა და შესჩივლა, რომ კახეთი
ააოხრეს და პასუხი მას უნდა გაეცა ღმერთისთვის,
რადგან კახეთი მისი რწმუნებული იყო.
ზაალ ერისთავმა აჯანყების საერთო ხელმძღვანელობა ითავა. თუმცა მას ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია. აჯანყების უშუალო ხელმღძვანელები იყვნენ: ბიძინა
ჩოლოყაშვილი, ალავერდელი ეპისკოპოსი, შალვა ქსნის ერისთავი და მისი ძმა ელიზბარი. აჯანყების
ერთ-ერთი მოთავე და ორგანიზატორი იყო თუში ზეზვა გაფრინდაული, აჯანყების აქტიური მონაწილენი
იყვნენ ხევსური ნადირა ხოშარეული, ფშავი გოგოლაური და სხვ.
დიდმა განსაცდელმა ფეოდალური საზოგადოების ყველა ფენა
გააერთიანა.სამშობლოს დასაცავად აღდგა კახეთის
მთელი მოსახლეობა,მათ მხარი ქართლმაც დაუჭირა.
ქართველებმა
გაიმარჯვეს, კახეთი გადაურჩა გადაშენებას.
აჯანყების მთავარი
ორგანიზატორი ზაალ ერისთავი, შაჰის ბრძანებით, ვახტანგ მე-5-მ
მოაკვლევინა ზაალისავე ძმისწულებს, შვილები კი შეიპყრეს და შაჰს გაუგზავნეს.
ბიძინა, შალვა და ელიზბარი შაჰთან წავიდნენ, მათი მიზანი იყო კახეთისათვის აეცილებინათ
ახალი შემოსევა. შაჰმა ისინი თურქმანთა ტომებს გადასცა, გმირები საშინელი წამებით დახოცეს, ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა.
ბიძინა ჩოლოყაშვილი , გადმოცემის თანახმად, ევროპელ
კათოლიკეებს ფარულად დაუკრძალავთ, შალვასა
და ელიზბარის ცხედრები კი მათ ქვრივებს სამშობლოში
ჩამოუსვენებიათ და იკორთაში, საგვარეულო მონასტერში დაუკრძალავთ.
ზეზვა გაფრინდაული
და მისი თანამებრძოლები ერთხანს კიდევ განაგრძობდნენ პარტიზანულ ომს დარჩენილი ყიზილბაშების
წინააღმდეგ, მაგრამ მათაც ის ბედი უნდა სწვეოდათ , როგორც მათ თანამემამულეებს. ქართულმა ფეოდალურმა ისტორიოგრაფიამ სახალხო გმირი თავის ისტორიაში არ შეიყვანა, სამაგიეროდ
ზეზვას მრავალი ლექსი და სიმღერა უძღვნა ხალხმა
და სამუდამოდ უკვდავყო მისი სახელი.
1660 წელს სახალხო აჯანყების შედეგად კახეთის მოსახლეობა
გადაურჩა ფიზიკურ გადაშენებას.
ბახტრიონის აღება
თათრებს ეჭირათ ალვანი, სადაც
ახლა თუშები ცხოვრობენ. ერთ თუშს თათრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. თუშებმა მოძმის შეურაცხყოფა
იწყინეს, რადგან ეს იყო მთელი თემის შერცხვენა
და შეურაცხყოფა.
კახეთის მეფე ლევანი სოფელ
შილდაში ცხოვრობდა. თუშებმა მასთან რამდენიმე კაცი გაგზავნეს. შუაღამისას მიადგნენ
მეფის სასახლეს და ის გააღვიძებინეს. თუშებმა მეფეს აუხსნეს თავიანთი გულის წადილი,
მეფე ყოყმანობდა, რადგან ფიქრობდა, რომ მტერს ვერ დაამარცხებდნენ. განრსხებული თათარი
კი კახეთის გადაბუგავდა ქვას ქვაზე არ დატოვებდა. მეფეს ხალხის ცოდვაში ჩადგმა არ
სურდა.
თუშებმა მეფე დააწყნარეს, ცოდვას
თავიაანთ კისერზე იღებდნენ. მათ სჯეროდათ, რომ გაიმარჯვებდნენ, სირცვილს კი სიკვდილი
ერჩიათ. თუშებს ფშავ-ხევსურებიც ეხმარებოდნენ.
მეფე დათანხმდა, მას სოფლებში
მდგარი თათრები უნდა გაეწყვიტა ღამით, თუშ-ფშავ-ხევსურები კი ციხეებს აიღებდნენ.
ნაქერალას მთაზე შეიკრიბა
თუშ-ფშავ-ხევსურების ლაშქარი. ცხენები უკუღმა დააჭედეს, თათრებისათვის კვალი რომ აერიათ.
ლაშქარი შუაზე გაიყო. ერთი ნაწილი წამოვიდა პანკისზე ბახტრიონის ასაღებად, მეორე-ალავერდის
ასაღებად. პანკისში დარაჯმა შეამჩნია მხედრების კვალი, გაჰყვნენ მას, ლაშქარი კი -
ბახტრიონის ახლომახლო იყო ტყეებში დამალული-დილის რიჟრაჟს ელოდნენ.
თუშთა ბელადმა ზეზვა გაფრინდაურმა
რამდენიმე პალო გამოთალა და ჩოხის მეალტაში გამოიხვია, მათი მეშვეობით ავიდა ციხის
კედელზე. ჩახტა ციხეში დაამოხოცა მძინარე დარაჯები, გააღო კარები და ლაშქარი შეუშვა.
გააფთრებული, შურისძიებით აღგზნებული თუშ-ფშავ-ხევსურები ეკვეთნენ მტერს. დადგა ნამდვილი
ღვთის რისხვა.
მძინარე თათრები აირივნენ,
ვეღარ არჩევდნენ მტერს, მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობდნენ. თთრებმა ციხე დატოვეს და ალავერდისაკენ
გაიქცნენ. მთიელები მისდევდნენ და ხოცავდნენ, ალავერდის ციხეც ქართველებს აუღიათ, თათრები
ბახტრიონისკენ გარბოდნენ. ორივე ციხიდან გამოქცეული თათრები შეიყარნენ ალავერდის მინდორში
და შუაში მოეყვნენ. მტერი უწყალად, უღვთოთ ჟლიტეს.
იმ ალაგას, სადაც თათრები ამოწყვიტეს, თუშები ახლაც გაწყვეტილას ეძახიან.
მეფე ლევანს თუშებისათვის მიუცია ალვანი, ფშავ-ხევსურებისათვის კი- ნადავლი.
ხალხური.
Comments
Post a Comment